თიანეთში ამბობენ, თუ გინდა საუკეთესო დამბალი ხაჭოს გემო გაიგო, ელდარ ფილაურის ოჯახს უნდა ესტუმროო. ჩვენც გეზი ქურთისკარის მთისკენ ავიღეთ, სადაც პაპა ელდარი და მისი სამწყსო ბინადრობს.
ოდესაღაც დასახლებული ადგილი ახლა მწყემსების ბინად არის ქცეული. ნოემბრის ბოლოს ისინიც დროებით დაემშვიდობებიან იქაურობას და შედარებით ბარისკენ გადაინაცვლებენ. ჩვენ მოვასწარით სტუმრობა ელდარ ფილაურთან, რომელიც უკვე 5 წელია ხაჭოს აკეთებს და ფშავშიც ასე გაითქვა სახელი. მისი მომზადებული ფშაური სამზარეულოს თავი კერძი -დამბალი ხაჭო უგემრიელესია, შესაბამისად,ბევრი მყიდველიც ჰყავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზაფხულში ფილაურებს საქონელი საძოვარზე მთაში აჰყავთ…
ელდარი პაპა საქმეში გართული დაგვიხვდა, შეშას ჭრიდა…
ელდარ ფილაური:
– ცხოვრების დიდი ნაწილი „შოფრად“გავატარე, დიდ მანქანაზე ვმუშაობდი, მერე ყველაფერი აირია, ის ჩვენი სამსახურიც დაიშალა… 5 წელია, რაც საქონელი მოვამრავლე. თავიდან ყველის კეთებადავიწყე, არაფერი გამოვიდა, კარგად არ იყიდებოდა, მერე დამბალი ხაჭოს კეთება ვცადე. თავიდან არც ხაჭოს ჰქონდა ფასი, კილო 5 ლარი ღირდა, მაშინ გასაყიდად არც არავინ აკეთებდა, მარტო ოჯახისთვის ამზადებდნენ, ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა, ვისაც ყიდვა უნდა უკვე მთაში ამოსვლასაც კი არ იზარებს, ვამზადებ და მაშინვე იყიდება… ფასიც დაედო, კილო უკვე 25 ლარი ღირს, ვაჭრებს 20 ლარად ვაბარებ. ბევრმა გაიგო ჩვენებური ხაჭოს შესახებ, გასინჯეს და შეუყვარდათ, შესაბამისად, ფულს აღარ ზოგავენ.
– რამდენი სული საქონელი გყავთ?
– სულ 9 ძროხას ვწველი. მთაში მაისში ამომყავს. ზაფხულობით აქ ვაჩერებ, შემოდგომაზე ოქტომბერ–ნოემბერში ისევ ბარში ჩამყავს და იქ ვაზამთრებ. მოვლა რთულია, დილით საძოვარზე გარეკვა, საღამოს მოყვანა, მოწველა, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ არის. მარტო მიჭირდა მუშაობა, მწყემსად ერთი დუშელი ავიყვანე, დამბალი ხაჭოს კეთება ვასწავლე და ისიც მეხმარება.
– დამბალხაჭოს მომზადება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა…
– შრომატევადი კია, მაგრამ შემოსავლიანია. დღეს მწყემსს ისე არაფერი უღირდება როგორც დამბალი ხაჭოს კეთება. მისი მომზადების პროცესი ცოტა გაწელილია. ახალ ჩამოწველილ რძეს ცოტა ხანი ვაჩერებ, რამდენიმე დღის მერე ეს მასა მაწონივით ხდება, დედდება, რის მერეც იდღვიბება, მიღებულ მასას ვაცხელებ და შრატისგან ვაცალკევებ. დარჩენილი მასა უკვე ხაჭოა, რომელსაც სითხისგან დასაწრეტად მარლის პარკში ვათავსებ, მოკლე ხანში ის თავისით იწურება. უკვე მშრალ ხაჭოს 15-20 წუთი ვზელ, რის მერეც კეთდება ხაჭკვერები. გაკეთებულ კვერებს ხის წნელზე ვალაგებ. კარგ ამინდში მალე შრება შეიძლება, რამდენიმე დღეშიც, ცუდი ამინდები თუ დაემთხვა, ერთი თვეც სჭირდება… ჩვენი წინაპრები უკვე გამომშრალ კვერებს თიხის ჭურჭელში ათავსებდნენ და ასე ალბობდნენ, მე ემალის ჭურჭელში ვინახავ, აქ უფრო სწრაფად ლბება.
გააგრძელეთ კითხვა…