პომიდვრის ზამთრისთვის შენახვის ყველაზე გავრცელებული გზა მისი დაკონსერვება ან საწებლის მომზადებაა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მას ცოცხალი სახითაც ბევრი დიასახლისი ინახავს და დაჭრილ ან გახეხილ პამიდორს საყინულეში ათავსებს.
ჩვენი ფეისბუკჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ, თუ როგორ ჯობია პამიდვრის გაყინვა, რათა იგი დიდ ხნით და კარგად მოვიხმაროთ.
ნინო ტარყაშვილი: მე ვინახავ პირდაპირ მარილის გარეშე. გახეხავ ან დააბლენდერებ, ან მანქანაში გაატარებ, ჩაასხამ პარკებში (მე ნახევარლიტრიან პლასტმასის ბოთლებში ვასხამ) და შეყრი საყინულეში. რომ დამჭირდება, ცოტა ხნით ადრე გამოვიღებ, მალე დნება, რამდენიც მინდა ვიყენებ, დანარჩენს ისევ უკან ვაბრუნებ საყინულეში. არაფერი არ ემართება. წლებია ასე ვიქცევიი და დავისვენე ტომატის მოდუღებისგან.
მაია გიორგაძე: გაფცქვნილს დაჭრით წვრილად, როგორც სადილისთვის (ჩახოხბილს ესე უფრო უხდება) გახეხავთ ან დააბლენდერებთ. ჩაასხამთ პარკებში და საყინულეში შედებთ. მე 2-3 ჭიქა ჩავასხი 1 სადილისთვის. გადაავლებ თბილ წყალს, ამოიღებ პარკიდან და პირდაპირ ჩადებ სადილში, გალღვობა არ უნდა. შეგიძლია გაჭრა ხერხიანი დანით სასურველ ზომაზე, დანარჩენი კი ისევ შეინახო.
ნონა ტორაძე: გულიშვილი პამიდორი გაუხეხავადაც ინახება, მთლიანები არ ეკვრის ერთმანეთს. გაყინვისას შეინახეთ თუნდაც ცელოფანში ჩაყრილი და მოხმარებისას რამდენიც დაგჭირდებათ, ამოიღეთ. შეგიძლიათ გაყინული დაჭრათ და მოიხმაროთ სადილში.
ლელა გოგიაშვილი: მე დავაბლენდერე ჩოპერში. დავასხი ნამცხვრის „ჟარონზე“. გავყინე ისე, რომ დაიჭრას. დავჭერი, რა ზომისაც მინდოდა, ჩავყარე პარკებში და საყინულეში შევინახე. ჩააგდებ საჭმელში, მშვენიერია.
მარინა ჩხეიძე:ვინახავ მთელებს, მოსახერხებლია და თან ინარჩუნებს ყველა თვისებას. არის ხრაშუნა, კანი თავისით ძვრება. მაცივრის კარზე რომ თაროა, იმაში ვაწყობ სამ რიგად კენჭებივით, სანამ არ დამჭირდება.
თქვენ რომელ მეთოდს მიმართავთ?